სიახლეები

ახალი ამბები

თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის საზაფხულო სკოლა სტეფანწმინდაში

2022 წლის 5-7 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ბაზაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის საზაფხულო სკოლა გაიმართა.

კოვიდპანდემიით გამოწვეული ორწლიანი ონლაინსწავლების შემდეგ სტუდენტებსა და პროფესორებს პირისპირ სოციალიზაციის შესაძლებლობა მიეცათ.

საზაფხულო სკოლა ითვალისწინებდა როგორც აკადემიურ, ასევე საექსკურსიო კომპონენტებს – დღეში 4 საათი ლექციები, 4 საათი ექსკურსია.

კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით საზაფხულო სკოლაში ლექციები წაიკითხეს სპიკერებმა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი სტუდენტებს ესაუბრა პოპულარული ისტორიული ტექსტების შექმნასა და ფართო აუდიტორიამდე მიტანაზე;

ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარცხალაძემ ისაუბრა რუკისა და ისტორიოგრაფიული ტექსტის ინტერაქციაზე – რუკაზე, როგორც ისტორიის საკითხავად მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე;

სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის კოორდინატორ დიანა ლეჟავას ტრენინგი ეხებოდა, როგორ უნდა დაწეროს და მოიპოვოს სტუდენტმა გრანტი, სწავლა განაგრძოს საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.

ლექციები ასევე ჩაატარეს სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელებმა სტივენ ჯონსმა და ბექა კობახიძემ.

პროფესორმა ჯონსმა თავისი სალექციო კურსების ფარგლებში ისაუბრა ქართულ სოციალ- დემოკრატიასა და 1991 წლის შემდგომ საქართველოზე;

ბექა კობახიძემ – თემაზე „უკრაინული დონბასი – იდენტობათა ომი”.

პრაღიდან სალექციო კურსის ფარგლებში ჩაერთო პროფესორი ადრიან ბრისკუ, რომელმაც ამერიკული ნაციონალიზმი აუხსნა სტუდენტებს.

ექსკურსიები და ჰაიკინგი გაიმართა ჯუთაზე, გერგეტის სამებაზე, დარიალის ხეობაში, გველეთის ჩანჩქერზე.

სტუდენტებს ეწვივნენ სამაგისტრო პროგრამის მეგობრები: ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი შტეფან მალერიუსი, კოორდინატორი გიორგი ბუტიკაშვილი და ილიაუნის ყოფილი რექტორი გიგა ზედანია.

უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო დობორჯგინიძის ინიციატივით საზაფხულო სკოლა ყოველწლიური გახდება.

important news icon

მნიშვნელოვანი სიახლეები