ჩვენ შესახებ

საქართველოს ისტორიის შესწავლა არ არის განყენებული ცოდნა წარსული ამბების შესახებ; ის არც წარსულის დიდებათა სენსაციოლოგიური ეპოსია, რომელშიც მხოლოდ გმირები და ანტიგმირები, პატრიოტები და მოღალატეები მოქმედებენ. ისტორია უკავშირდება დღევანდელობას და მას მივყავართ მომავალში. მძლავრი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეთა აღზრდისთვის ერთი აუცილებელი პირობა ისტორიის გამართულად ცოდნაა. მომძლავრებული პოპულიზმის, ყალბი ცნობებისა („ფეიკ ნიუსების“) და სხვადასხვა რადიკალური იდეოლოგის არსებობის პირობებში პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიებისას და აგრესიული სახელმწიფოები თავიანთ ქმედებათა გასამართლებლად ხშირად იყენებენ ისტორიულ ნარატივებს. მოქალაქე კარგად უნდა იყოს აღჭურვილი ცოდნით, რათა მისმა გონებამ შეძლოს თავდაცვითი რეფლექსია და რეალობის განჭვრეტა. ამგვარად, ისტორიოგრაფია პირდაპირ არ აწარმოებს მატერიალურ დოვლათს, მაგრამ მონაწილეობს პოლიტიკის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და, აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველდღიურობის შექმნაში.

ეს მოცემულობა განსაკუთრებით მძაფრია, როდესაც ვსაუბრობთ XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიაზე. თბილისს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონული ისტორიოგრაფიის ცენტრი. აქ იყო ჯერ კავკასიის სამეფისნაცვლოს, შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატის, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისა და ბოლოს ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრი. თბილისში ინახება ყველა ზემოხსენებულ პოლიტიკურ ერთეულთა არქივები; ასევე აზერბაიჯანული, სომხური, რუსული თუ სხვა ჟურნალ-გაზეთები. შესაბამისად, საქართველოს ისტორია იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ქართველი ერის ისტორია.

ისტორიოგრაფია  მეცნიერებაა და ის განვითარებისთვის საჭიროებს ისეთივე კოსმოპოლიტურ მიდგომას, საერთაშორისო მიღწევების გამოყენებას, როგორსაც კომპიუტერული ტექნოლოგიები, მედიცინა, მანქანათმშენებლობა, ინჟინერია და ა.შ. 70- წლიანი საბჭოთა მმართველობის დროს ისტორიოგრაფია, ისევე როგორც სხვა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ოფიციალური იდეოლოგიის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. ასე ყალიბდებოდა კონსტრუირებული კოლექტიური მეხსიერება საზოგადოებაში. თავისუფალ საზოგადოებას, მათ შორის დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებას, არ სჭირდება მსახურის როლში მყოფი ისტორიოგრაფია. აღარ არის კომუნისტური პარტია, მაგრამ მის ადგილზე არ უნდა დავაყენოთ რომელიმე სხვა იდეოლოგიური საწყისი. ისტორიოგრაფია ეს არის თავისუფალი ადამიანების აზროვნების სივრცე, ადამიანებისა, რომლებიც თანამედროვე მიდგომებით, თეორიებითა და ემპირიული ცოდნის გამოყენებით არადოგმატურად იკვლევენ წარსულს, აანალიზებენ აწმყოს და უყურებენ მომავალს.

საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მიღწევების ცოდნის, ტრანსნაციონალური ისტორიული განვითარების გზაზე საქართველოს ადგილის ცოდნის, რეგიონული ისტორიის შესწავლის გარეშე ეს სფერო ვერ განვითარდება. საქართველოს ისტორიას ვერ განვიხილავთ იზოლირებულად, საკუთარ ნაჭუჭში შეკეტილს. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა. ამას მოწმობს საქართველოს ისტორიის შესახებ უცხო ენებზე დაწერილი წიგნების ნაკლებობა. ეს რამდენიმე წიგნიც ხშირად უცხოელი ავტორების შესრულებულია. მეჩხერად მოიძებნება საერთაშორისო ბაზებში ქართველ ავტორთა სტატიებიც.

სწორედ საქართველოს ისტორიის, ერთი მხრივ, ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო ბრუნვაში მიმოქცევას და, მეორე მხრივ, ქართული ისტორიოგრაფიის კვლევის თანამედროვე სტანდარტებზე დაყენებას ისახავს საკუთარ მისიად „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის შექმნა. უნდა აღიზარდოს მკვლევართა ახალი თაობა, რომელიც თავისუფლად შეძლებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და ინტერნაციონალიზებული ცოდნის საქართველოში შემოტანას.

ამ იდეას ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები და პროგრამის გარშემო შეიკრა კონკრეტული დარგის „მსოფლიო ნაკრები“. ლექტორების ჯგუფი პირობითად შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

  • დასავლეთიდან მოწვეული  დიდი სახელები: სტივენ ჯონსი (მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯი), რონალდ სუნი (მიჩიგანის უნივერსიტეტი), ალექსანდრე მიქაბერიძე (ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  არსებული, მაღალი დონის აკადემიური რესურსი: ტიმოთი ბლაუველტი, ადრიან ბრისკუ, მალხაზ თორია, დავით დარჩიაშვილი, რუსიკო კობახიძე, ოლივერ რაისნერი და ა.შ.;
  • ახალგაზრდა მკვლევართა და პრაქტიკოსთა  თაობა, რომელმაც განათლება დასავლეთში მიიღო და ცვლილებათა გზაზე მოწინავე პოზიციებს იკავებს. ასეთები არიან: გიორგი ასტამაძე (კარლსრუეს უნივერსიტეტის დოქტორანტი), შოთა კინწურაშვილი (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი), სარა სლაი (კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტი), ბექა კობახიძე (ოქსფორდის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი), ირაკლი ხვადაგიანი (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი), დიმიტრი სილაქაძე (საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევარი) და ა.შ.

ამ გუნდითა და საუკეთესო სტუდენტებით, ვფიქრობთ, კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიოგრაფიული სკოლა იქმნება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა 2019 წელს შემუშავდა, ხოლო სტუდენტთა პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომის სემესტრში მიიღო. სამაგისტრო პროგრამა ორენოვანია – ქართული და ინგლისური. პროგრამა წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არაპროფიტულ მიმართულებას და ორიენტირებულია ხარისხზე, რაოდენობის ნაცვლად. ამიტომ წელიწადში მხოლოდ ხუთიდან ათ სტუდენტამდე მიიღებს, რათა პროფესორებმა ყველა მათგანთან შეძლონ ინდივიდუალური მუშაობა. შესაბამისად, მიღების პროცესი საკმაოდ კონკურენტულია.

პროგრამა  გეგმავს ინტერნაციონალიზაციას, უცხოელი სტუდენტების ჩართულობის კომპონენტით, და კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას.

პარტნიორები

ყველას ნახვა arrow icon
important news icon

მნიშვნელოვანი სიახლეები